საქართველოში შესაძლოა თევზის ლაბორატორია ამოქმედდეს. როგორც „გურია ფიშ ფარმინგის” დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ევრო იქნება.
მისი განცხადებით, ამჟამად ბრიტანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტექნიკური დახმარების გაწევაზე, მათ შორის, ლაბორატორიის ტექნიკურად აღჭურვასა და კადრების გადამზადებაზე.
ჩხაიძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს. საწყის ეტაპზე მოხდება თევზის პროდუქტში დაავადების დადგენა, შემდგომი ეტაპი იქნება ევროკავშირში აღიარებული სერთიფიკატის გაცემა.
„ჩვენთან ნორვეგიის კანონია გადმოწერილი და რასაც იქ სთხოვენ კომპანიებს გარემოს დაცვის თავლსაზრისით, აქ მაგას ვერ მოსთხოვ. საქართველოში არ არის იხტიოლოგი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც კი არ ჰყავს ადამიანი, ვინც შეიძლება მეთოდოლოგია შეიმუშაოს გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს დღეს ხელს უშლის კანონი, რომლის შედეგადაც ის ფიზიკურად ვერ განვითარდება.
დღეს კანონში ჩანაწერია, რომ კომპანია ვალდებულია წარმოებულ თევზში დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს აცნობოს, ამ დროს კი საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს დაავადება თევზში,“ – აცხადებს ჩხაიძე.
წყარო : ბიზნეს პარტნიორი