საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი პირობას დებს, რომ, 5,5 მლრდ ევროს დახმარების პაკეტის ფარგლებში, პენსიებსა და მინიმალურ ხელფასს გაზრდის, რაც ენერგეტიკული კრიზისისა და ინფლაციის შედეგების შერბილებას ისახავს მიზნად. Politico-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების აუდიტორიის წინაშე სალონიკში, ყოველწლიურ სავაჭრო ბაზრობაზე გააკეთა.
გამოცემის შეფასებით, ეს იქნება პენსიების პირველი ზრდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას ათ წელზე მეტი ხნის წინათ ფინანსური კრიზისი დაატყდა თავს. სარგებელს დაახლოებით, 1,5 მილიონი პენსიონერი მიიღებს.
ამასთან, კირიაკოს მიცოტაკისი ამბობს, რომ სავარაუდოდ, 2023 წლის მაისში მინიმალური ხელფასიც გაიზრდება. საბერძნეთმა მინიმალური ხელფასი წელს ორჯერ გაზარდა და ამჟამად თვეში 713 ევროს შეადგენს, რაც კრიზისამდელ მაჩვენებელზე ჯერ კიდევ დაბალია. ქვეყანა მაღალ ინფლაციას წააწყდა, რომელიც აგვისტოში ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც ორნიშნა 11,4%-ზე დარჩა.
Politico-ს შეფასებით, მმართველი „ახალი დემოკრატიის“ მთავრობა 2023 წელს არჩევნების წინაშე დგას და პრემიერის გამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისად განიხილება.
5,5 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე, მოიცავს ერთჯერად 250 ევროს დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, 1,3 მილიონი სახლის გასათბობად სუბსიდიის 300 მლნ ევრომდე გაზრდასა და 1,8 მლრდ ევროს გეგმას, რომელიც ახალგაზრდებს სახლის დაქირავებაში ან ყიდვაში დაეხმარება.