საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 36.9 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მილიომი დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი თურქეთი. ლიდერი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი კი უცვლელია – სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები.