აშშ-ში მდებარე კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთკავშირის შემსწავლელ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ შეიძლება ვირტუალურ რეალობაში ტუჩებზე, ენასა და კბილებზე შეხების სიმულირება. სპეციალისტებმა, რომლებიც მომავლის ინტერფეისების ჯგუფში (FIG) ერთიანდებიან, ვირტუალური რეალობის სათვალე შეიძინეს და მას აკუსტიკური ენერგიის გამომყოფი მოწყობილობა დაუმატეს. მოწყობილობიდან წამოსული ტალღები პირისკენაა მიმართული და სხვადასხვა შეგრძნებას იწვევს, მაგალითად, კბილის ჯაგრისის გამოყენების, სიგარეტის მოწევის, ცხელი ყავის დალევის და ა.შ.
რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი ინოვაცია კოცნის სიმულირების საშუალებასაც იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს პოტენციურად შეუძლიათ, რომ მარტივად ხელმისაწვდომი და სათანადოდ მოდიფიცირებული VR სათვალეების გამოყენებით, მომხმარებლებს ციფრულ სამყაროში კოცნის რეალური შეგრძნება გამოაცდევინონ.
ადამიანები, რომლებმაც მოწყობილობა თავიანთ თავზე გამოცადეს, ამბობენ, რომ ხელოვნური სტიმულაციები მართლაც ნამდვილს ჰგავდა. ახალი მიგნება ვირტუალურ რეალობაში ცოცხალი გამოცდილებების გადატანასთან კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს. ინოვაციური ტექნოლოგიის დეტალები, ვიდეოს სახით, წარმოდგენილია სტარტაპის ოფიციალურ YouTube გვერდზეც.