ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით კომპანია Apple-ი აბსოლუტურ დომინაციას განაგრძობს. Piper Sandler-ის უახლესი კვლევიდან ირკვევა, რომ 10-დან 9 ამერიკელი ახალგაზრდა ამჟამად iPhone-ს ფლობს; გამოკითხულთა 88% კი ამბობს, რომ მომავალშიც აუცილებლად Apple-ის სმარტფონს შეიძენს.
ანალიტიკოსების შეფასებით, თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში Apple-ის უჩვეულო პოპულარობა iOS-ის ჩაკეტილი ეკოსისტემითა და Apple-ის ექსკლუზიური სერვისებით, კერძოდ, iMessage-ით, FaceTime-ითა და Apple Pay-ითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ათწლიან ჭრილში Apple-ის ფლაგმანის ღირებულება, ინფლაციის გათვალისწინებით, თითქმის გაორმაგებულია, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პერიოდში iPhone-ის მომხმარებელთა რაოდენობა აშშ-ის მასშტაბით მაინც 98%-ითაა გაზრდილი.
საგულისხმოა, რომ თინეიჯერთა დიდ ნაწილს აშშ-ში პირადი შემოსავლის წყარო არ აქვს, შესაბამისად, მათთვის თითქმის 1,000-დოლარიანი სმარტფონი ფუფუნების საგანს წარმოადგენს, თუმცა ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელი მშობლები მზად არიან, შვილებს Apple-ის ფლაგმანი უყოყმანოდ უყიდონ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 69,300 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება გლობალურ ტენდენციას, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილს კომპანია Samsung-ი იკავებს, რომელიც გლობალური ბაზრის 21%-ს აკონტროლებს; ბაზრის 17%-იანი წილით მეორე ადგილზე Apple-ია; ხოლო მესამე ადგილს ბაზრის 14%-იანი წილით ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi იკავებს.
წყარო : Bm.ge