აშშ-მექსიკის საზღვართან, მდინარე რიო გრანდეზე, ტეხასის შტატის ხელისუფლებამ მცურავი ბარიერი დააყენა, რომ არალეგალმა მიგრანტებმა შეერთებულ შტატებში ვეღარ შეაღწიონ. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ასეთი მოწყობილობის რიო გრანდზე განთავსებას სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი და პოლიტიკოსი ადასტურებს. კერძოდ, მცურავი ბარიერი ცირკულარული ხერხებით არის აღჭურვილი, რომელიც, მექსიკიდან აშშ-ში უკანონოდ შეღწევის შემთხვევაში, არალეგალ პირს ფიზიკურად დააზიანებს, ანუ დაჭრის.
მცურავი ბარიერის ამსახველი ვირუსული ვიდეო თავდაპირველად სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დემოკრატმა კონგრესმენმა, სილვია გარსიამ გამოაქვეყნა. ის ახლახან აშშ-მექსიკის საზღვარზე იმყოფებოდა, რომ ტეხასის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის მიერ მიღებული ახალი ანტიიმიგრაციული ზომები დოკუმენტურად აესახა.
აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ნარინჯისფერი კასრები მიგრანტების მხოლოდ შესაკავებლად კი არა, მათი განზრახ დაჭრისთვის და მოკვლის მიზნით შეიქმნა. ისინი აცხადებენ, რომ მოწყობილობა წარმოადგენს წრიულ ხერხებს, რომლებიც ტივტივაზე არის დამაგრებული.
ეს მცურავი ბარიერი აშშ-მექსიკის საზღვარზე ივლისში, მდინარე რიო გრანდეს სანაპირო ქალაქ იგლ-პასის მახლობლად დამონტაჟდა, რომელიც ანტიიმიგრაციული ოპერაცია Lone Star-ის („მარტოხელა ვარსკვლავის“) ნაწილია. აგვისტოში გამოქვეყნებულ პრესრელიზში ტეხასის ოფიციალურმა პირებმა ოპერაცია, Lone Star წარმატებულად გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის, 402 000 არალეგალი მიგრანტი დააკავეს.
ტეხასის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, ნარინჯისფერ კასრებზე საპარსის მსგავსი რამდენიმე პირი ტექნიკურ ცირკულარულ ხერხებს არ წარმოადგენს, რადგან ძრავი არ გააჩნიათ. კერძოდ, „თითოეულ ტივტივას შორის წრიული ხერხის მსგავსი დაკბილული ლითონის ფირფიტებია, რომ მათზე ვერავინ აძვრეს, რაც უფრო მცურავ მავთულხლართებს ჰგავს.“თუმცა ტეხასის შტატის ერთ-ერთმა სამხედრომ, რომელიც ოპერაცია Lone Star-ში მონაწილეობდა, აღნიშნულ მავთულხლართსა და ტივტივებს „არაადამიანური ხაფანგი“ უწოდა. ამ ბარიერის დამონტაჟების შემდეგ მდინარეში მიგრანტების ცხედრები იპოვეს. ერთ-ერთი სხეული ტივტივაზე იქნა ნაპოვნი. თუმცა ტეხასის ხელისუფლება ამბობს, რომ მამაკაცები, სავარაუდოდ, წყალში დაიხრჩვნენ.