„ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ მთავრობამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში შესული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა ფუნქციონირებისთვის უნდა დააკმაყოფილონ.
რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებისას მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება და ავტოსადგომებზე ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ:
- მგზავრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;
- ავტობუსის/მინივენის კონსტრუქციის შესაბამისობა მომსახურების სახეობასთან; გამგზავრება წინასწარ დადგენილი განრიგით;
- საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
ავტოსადგომები კლასიფიცირდა პირველი, მეორე და მესამე კლასის მიხედვით. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებს უნდა გააჩნდეს: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი, მძღოლების დასასვენებელი ოთახი, ბაქანი (ბაქნები), სადისპეტჩერო, რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი, საინფორმაციო სამსახური, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო და ა.შ.
რაც შეეხება მესამე კლასის ავტოსადგურს, მოთხოვნები მისთვის ასე განისაზღვრა:
- საბილეთო სალარო;
- არანაკლებ 15მ2 ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;
- ბაქანი;
- რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
- საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე).
ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ავტოსადგური ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ავტოსადგური თავისი სამშენებლო, ტექნიკური და ტექნოლოგიური პარამეტრებით, მგზავრთა და გადამზიდავთა მომსახურების პირობებით აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ავტოსადგურში სერტიფიკატი კი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.
ავტოსადგურის ადმინისტრაციის ვალდებულებები შემდეგი ფორმით განისაზღვრა:
- უზრუნველყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და შენობებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვა;
- გააფორმოს გადამზიდველთან მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
- უზრუნველყოს რეისში მხოლოდ ტექნიკურად გამართული (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის მქონე) ავტობუსის/მინივენის გასვლა;
- არ დაუშვას რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არ დაუშვას რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ არ აქვს წარდგენილი ნასამართლობის შესახებ ცნობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემოწმების შესახებ ცნობა, სადაც არ ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი;
- საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით არ მოემსახუროს იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, არ მოემსახუროს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ პირებს და ა.შ.