აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება.
„პროექტი ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია 21 კმ-ზე, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს მიწის ექსკავაციისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი.
განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა,“- ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.