ბლოკჩეინის ანალიტიკური ფირმა Nansen-ის თანახმად, სამშაბათს, 24 საათის განმავლობაში ინვესტორებმა უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance 3 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს, ამის მიზეზი კი ინდუსტრიასთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები გახდა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც აშშ-ს სამართლის დეპარტამენტი აპირებდა დაესრულებინა 2018 წელს დაწყებული გამოძიება Binance-ის მიერ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ბრალდება წარედგინა ცალკეული აღმასრულებლების, მათ შორის, კომპანიის დამფუძნებლის, ჩანპენგ ჟაოს წინააღმდეგ.
აშშ-ს სამართლის დეპარტამენტს ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგვიანებით, Binance-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადინების შემდეგ პლატფორმაზე დეპოზიტების დაბრუნება დაიწყო. Binance-ს დამფუძნებელმა ჩანპენგ ჟაომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ვითარება ახლა შედარებით დასტაბილურდა.
Binance-ის დამფუძნებელმა მომხმარებლების დამშვიდება სცადა და თქვა, რომ სამშაბათს განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა არ ყოფილა ყველაზე დიდი პლატფორმის ისტორიაში და ნორმალურია, რომ ზოგიერთ დღეს აქტივების წმინდა გადინებაა, ზოგიერთ დღეს კი პირიქით ხდება.