Galt&Taggart-ისა კვლევის მიხედვით, საქართველოში 2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება 27.2%- ით შემცირდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული იყო 65 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი, ხოლო გასული წლის იანვარში – 89 მლნ აშშ დოლარის. კვლევის მიხედვით, იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობას ჯამში 15.3%-ით არის შემცირებული.
2024 წლის თებერვალში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 16.4%-ით შემცირდა, ევროპული გაზის ფასები ენერგოკრიზისამდელ მაჩვენებლებამდე დაეცა და თებერვლის მიწურულს ერთ მეგავატ საათზე $24.5-მდეც შემცირდა.
კვლევის მიხედვით, მსხვილი საინვესტიციო ბანკების მედიანური პროგნოზით, 2024 წელს ბუნებრივი აირის საშუალო ფასი ევროპაში 9.7%-ით შემცირდება.
ანგარიშის თანახმად, კატარი – LNG-ის გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორი, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდას ელის და LNG ინვესტიციებს მნიშვნელოვნად ზრდის. ბოლო განცხადების მიხედვით, მიმდინარე დეკადის დასრულებამდე ახლანდელი წარმოების (77 მლნ ტონა წელიწადში) 85%-ით ზრდა აქვთ დაგეგმილი.
Shellის პროგნოზით, LNG-ზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება 2040 წლამდე, ძირითადად ჩინეთის და განვითარებადი აზიის ხარჯზე.
„რუსეთი, დასავლური სანქციების გვერდის ავლით, ცდილობს LNG ინფრასტრუქტურის განვითარებას. მათი სტრატეგიული პროექტი, Arctic LNG 2, სავარაუდოდ, თავის პირველ პროდუქციას უახლოეს კვირებში გაგზავნის აზიელი მომხმარებლების მიმართულებით. პროექტის წარმატება ან წარუმატებლობა განსაზღვრავს რუსეთში ამ ინდუსტრიის განვითარების ბედსა და სამომავლო ინვესტიციებს“, – აღნიშნულა კვლევაში.