ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა, რომლის ძირითადი მიმართულება, თავდაპირველად, ჩანთების, სამკაულების, საფულეების, ჩასაწერი დღიურებისა და ჭიქების შექმნა იყო, ხოლო დღეს, ამ პროდუქციის გარდა, კომპანია აქტიურად აწარმოებს ნატურალური ხის ბეჭდებს, გადამუშავებულ ხის საყურეებს, ბაფთებს, სამკაულებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებს.
ბრენდის დამფუძნებელი გოგონების – სოფი მუხულიშვილისა და თამარ აფციაურის თქმით, სტარტაპის შექმნის მიზანი ბაზარზე ხარისხიანი, ორიგინალური და რაც მთავარია, ქართული პროდუქციის შემოტანაა. კომპანიის შემოქმედებითი გუნდის შთაგონების წყაროდ ეროვნული ტრადიციების მრავალფეროვნება, მრავალსაუკუნოვანება, უნიკალურობა და ინტერესი იქცა. ბრენდის ისტორია კი სულ ორი, საქმეზე შეყვარებული ადამიანით, სოციალურ ქსელში ერთი გვერდით დაიწყო და, დღესდღეობით, 40-ზე მეტ, საერთო იდეის მქონე თანამშრომლით, 6 ფილიალით, სახელოსნოთი და შოურუმით გრძელდება, რომელიც ცდილობს, გაამართლოს კომპანიის სახელი და მომხმარებლებს საუცხოო, ამოუცნობი და უნიკალური პროდუქცია შესთავაზოს.
„კოსმო“-ს პროდუქცია 100%-ით ხელნაკეთია და მზადდება ნატურალური, მაღალი ხარისხის მასალისგან. მაგალითად, ბრენდის ჩანთების ხაზი ქართული ტყავისგან მზადდება და ხელით იკერება. რაც შეეხება ხის აქსესუარებს, დასამზადებლად გუნდი ბუნებრივად გამორჩეულ ქართულ კაკლის ხეს იყენებს, რომლის უნიკალურობა მუქი ფერის მერქანის არსებობით გამოიხატება, რაც ევროპის ქვეყნებში დარგულ ამავე ტიპის მცენარეებს არ აქვთ. დამზადების პროცესის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გაფორმების და ნივთისათვის საბოლოო სახის მიცემის პროცესიც. ბრენდის თანამშრომლების მიზანია, ფერები, ფაქტურა და ტონები ისე შეახამონ ერთმანეთს, რომ ხაზი გაუსვან აქსესუარის ეროვნულობას და, ამასთანავე, საზოგადოებას აჩვენონ საუკუნოვანი ტრადიციების, ისტორიის, წარსულისა და აწმყოს ერთდროული შერწყმის მაგალითი.
დაარსებიდან მალევე, ბრენდი საკმაოდ წარმატებული გახდა. 2016 წელს, ვარკეთილში პირველი ფილიალის გახსნას, 2019 წლის მარტში, ჰონკ-კონგის ტყავის გამოფენაზე, ნატურალური მასალისგან დამზადებული, ქართული ორნამენტებით გაფორმებული ჩანთების, საფულეებისა და დღიურების კოლექციით წარდგენა მოჰყვა. ამავე წლის ზაფხულში, კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახებ გამოაცხადა. სულ ცოტა ხნის წინ, „კოსმო“-მ Expo 2020 Dubai-ს ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ბრენდი აქტიურადაა ჩართული თითქმის ყველა გამოფენაში, როგორიცაა, მაგალითად, Tbilisi Fashion Week, Ethno Fest, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და სხვ., რამაც კომპანიისადმი მეტი ინტერესი გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზეც.
დღეისათვის, ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი აგრძელებს წარმატებით დაწყებულ გზას და ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს ინოვაციებით სავსე პროდუქციას, სხვადასხვა კამპანიის წამოწყებით სთავაზობს. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ბრენდი უკრაინის მხარდამჭერ აქციაშიც ჩაერთო და გამოფენა მოაწყო, საიდანაც მიღებული შემოსავლის 100% დახმარების ფონდში გადარიცხა. მარტიდან კი, ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხის 30% ავტომატურად ირიცხება უკრაინის მხარდასაჭერად.
„კოსმო“ არსებობს ყველასთვის, ვინც ეძებს სიახლეებს, უყვარს ცხოვრება და არის გამორჩეული – ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი მომხმარებლებს, ხოლო „ყველაფერი, რაც გაბედნიერებს“ – სლოგანი. ბედნიერებისათვის საჭირო აქსესუარების შეძენა თბილისსა და ბათუმში არსებულ სავაჭრო ცენტრებში, კომპანიის ფილიალებსა და ონლაინ არის შესაძლებელი.