დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია – დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: – ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ – დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ – ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
“ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.