კომპანია Walt Disney Co.-ს აღმასრულებელი დირექტორის ბობ ჩაპეკის განცხადებით, გეგმავენ ხარჯების შემცირებას და ამისთვის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებასაც. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი კომპანიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
ასევე კომპანია აპირებს აკრძალოს მივლინებები გარდა აუცილებელი მოგზაურობებისა, ასევე შეაჩეროს ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი, გარდა საკვანძო პოზიციებისა. ტოპ-მენეჯერებისადმი ადრესირებულ დოკუმენტში არის მითითება აღმასრულებელი მენეჯერებისადმი – გადახედონ ხარჯებს მარკეტინგის და კონტენტის შექმნის მიმართულებით.
„ვფიქრობ იქნება რთული პროცესი ბევრი თქვენგანისთვის და თქვენი გუნდისთვის. ჩვენ მოგვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება,“ – წერია ჩაპეკის წერილში, სადაც ის აცხადებს, რომ გუნდებმა უნდა შეეცადონ იპოვონ მიმართულებები რათა გამონახონ ხარჯების ეკონომიის საშუალებები.ამ პროცესის ფარგლებში გთავაზობთ ცალკეული შტატების შემცირებას. ეჭვი არ მეპარება რომ შევძლებთ ჩვენი მიზნების მიღწევას და გავხდებით უფრო მოქნილები,“ – აცხადებს ჩაპეკი.
Disney-მ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლები შემოსავალი და სუფთა მოგება დააფიქსირა. ამის პარალელურად კი კომპანიის სტრიმინგ სერვისის Disney+-ის ხელმომწერთა რაოდენობა 12,1 მლნ-ით გაიზარდა. მაგრამ ამ განყოფილებასაც 1,47 მილიარდიანი ზარალი დაუფიქსირდა.
წლის განმავლობაში Disney-ს აქციები 39%-ით არის გაუფასურებული.