თუ წარმატების მიღწევა გვინდა, უნდა გვახსოვდეს, რომ სასურველი შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევავიწროვებთ ჩვენი კონცენტრირების არეალს.
ყველა წარმატების სათავეში კი ერთი რამის პრინციპია. გასაოცარი შედეგების მიღწევა სწორედ ამით იწყება.
ხშირად გვგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაა და ყველაფერს თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებთ… ეს არასწორია.
როცა ერთდროულად ბევრი რამის გაკეთებას ვცდილობთ, სრულიად შესაძლებელია, რომ კარგად არაფერი გამოგვივიდეს. აუცილებელია დავადგინოთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ მომენტში და მთელი ყურადღება მას დავუთმოთ.
როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ? როგორ მივაღწიოთ წარმატებას საქმის შემცირებით? ამ კითხვებზე პასუხებს გარი კელერი გვათავაზობს წიგნში „მხოლოდ ერთი რამ“.
დიდი წარმატების მიღწევა მაშინაა მარტივი, როდესაც ერთ რამეზე ვკონცენტრირდებით, მიზანიც სწორედ ესაა. წარმატება ნიშნავს რაღაცების სწორად კეთებას და არა ყველაფრის სწორად კეთებას. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, საჭიროა ამბიციური მიზნები დავისახოთ, მთვარესაც კი მივაღწევთ, თუ პრიორიტეტებს სწორად განვსაზღვრავთ და მთელ ენერგიას მნიშვნელოვანი საკითხის შესრულებისკენ მივმართავთ.
წარმატება თანამიმდევრულად იზრდება, ერთს მეორე მიჰყვება და ამას შეგვიძლია დომინოს ეფექტი ვუწოდოთ. მთავარია, სწორად ჩავამწკრივოთ ჩვენი პრიორიტეტები და არ დავივიწყოთ, გასაოცარი წარმატება თანამიმდევრულია და არა ერთდროული.
7 მთავარი იდეა წარმატებისთვის:
1. გავიაზროთ და დავიჯეროთ – უპირველესად, ერთი რამის იდეა უნდა გავიაზროთ, შემდეგ დავიჯეროთ, რომ მას ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. თუ ამ იდეის არ გვჯერა, ვერ ვიმოქმედებთ.
2. გამოვიყენოთ – ვკითხოთ საკუთარ თავს! ყოველდღე შემდეგი შეკითხვის დასმით დავიწყოთ: „რა არის ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია, რათა სხვა ყველაფერი უფრო მარტივი ან უსარგებლო გახდეს?“ როცა ასე ვაკეთებთ, სასურველ მიმართულებას უკეთ ვხედავთ. ჩვენი საქმიანობა კი გახდება უფრო პროდუქტიული, პირადი ცხოვრება კი სასიამოვნო.
3. ვისწავლოთ უარის თქმა – ყოველთვის გვახსოვდეს: როცა რაღაცას ვთანხმდებით, სხვა რამეზე ვამბობთ უარს. ეს არის ვალდებულების არსი. უარს ჩვენი გათავისუფლება შეუძლია. სწორედ ასე შეგვიძლია ვიპოვოთ დრო ჩვენი ერთი რამისთვის.
4. არ შევუშინდეთ ქაოსს – უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ერთი რამისკენ სვლა სხვა რაღაცებს უკანა პლანზე გადაიტანს. ქაოსის თავიდან აცილება შეუძლებელია. უნდა ვისწავლოთ მასთან გამკლავება. წარმატება, რომელიც ჩვენი ერთი რამის დასრულებას მოჰყვება, დაგვარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
5. ვმართოთ ენერგია – გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას – ნუ აღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. ჩვენი სხეული გასაოცარი მექანიზმია, თუმცა გარანტია არ მოჰყვება, მას ვერ გადავცვლით, ხოლო შეკეთება საკმაოდ ძვირი ღირს. აუცილებელია ვმართოთ ენერგია, რათა შევძლოთ იმის გაკეთება, რაც საჭიროა.
6. ვიფიქროთ მასშტაბურად და კონკრეტულად – მიზნის დასახვა კითხვის დასმას ჰგავს. ეს არის მარტივი გადასვლა გადაწყვეტილებიდან: „მე მინდა ეს გავაკეთო“ – შეკითხვაზე: „როგორ მივაღწიო ამას?“ საუკეთესო შეკითხვა და, შესაბამისად, საუკეთესო მიზანი, ყოველთვის დიდი და კონკრეტულია. დიდი იმიტომ, რომ გასაოცარი შედეგებისკენ მივყავართ; კონკრეტული, რადგან კონკრეტული მიზნზე მიგვანიშნებს. დიდი და კონკრეტული კითხვა, განსაკუთრებით გარდამტეხი კითხვის ფორმით, გვეხმარება ყურადღება საუკეთესო პასუხზე შევაჩეროთ.
7. ვიფიქროთ შესაძლებლობებზე – მიზნის დასახვა იგივეა, რაც ამოცანის განსაზღვრა, რათა ის ჩვენი შესასრულებელი დავალებების სიიდან ამოვშალოთ. „რთულად შესასრულებელი“ მიზანი უფრო რთულია. მას ჩვენი ამჟამინდელი შესაძლებლობების ზღვარამდე მივყავართ და მის მისაღწევად მაქსიმალურად უნდა დავიძაბოთ. საუკეთსო მიზანი იკვლევს, რა არის შესაძლებელი. როდესაც ვხედავთ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სწორად ასე ცხოვრობენ.
ამ იდეების გააზრება მნიშვნელოვანია, რათა სწორედ ამ საკითხებზე მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ წარმატებას. ერთი რამის პრინციპი ყოველთვის შესამჩნევია წარმატებული ადამიანების ცხოვრებაში, რადგან ის ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა. ავტორმა სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით შეძლო შეექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გლობალური კომპანია Keller Williams Realty, რომლის წარმატება დაფუძნებულია თითოეულ თანამშრომელზე.
მხოლოდ ერთი რამ – საინტერესო საკითხავია როგორც ჩამოყალიბებული პროფესიონალებისთვის, ისე მათთის, ვინც ახლა იწყებს გზის გაკვალვას. ეს წიგნი სარკესავითაა – სხვადასხვა ადამიანს შეუძლია მასში საჭირო და განსაკუთრებული შინაარსი დაინახოს. წიგნის წაკითხვის შემდეგ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი კი არ დასრულდა, არამედ ახლა იწყება; მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ წიგნში აღწერილი პრინციპების ნამდვილობა დასტურდება გარი კელერის ცხოვრების მაგალითითა და წარმატებული კარიერით.