2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა.ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დასრულდა რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის
რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
აბიტურიენტების საყურადღებოდ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.