ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს, – ამის შესახებ NDI-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე – გთხოვთ, შეაფასოთ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა, 9% ამბობს, რომ კარგია, 42% მიიჩნევს, რომ საშუალოა, 48% აღნიშნავს, რომ ცუდია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია.აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კითხვაზე, რამდენად ხართ, ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, 35% აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, 50% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, 15% კი აღნიშნავს, რომ არ იცის.
გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.