ფელამუშის თანამედროვე დესერტების მწარმოებელმა კომპანია „ფელამუშიტომ“ ჩამოსასხმელი ფელამუშის წარმოება დაიწყო. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა, ნინო გოგალაძემ “ქალების ნარატივში” სტუმრობისას განაცხადა, ახალი პროდუქტის შეძანას მომხმარებელი თავდაპირველად Ska Juice Bar-ის ფილიალებში შეძლებს, ეტაპობრივად კი ის სხვადასხვა ბრენდულ ქსელში იქნება წარმოდგენილი.
„ფელამუშიტოს“ დამფუძნებლის თქმით, ჩამოსასხმელი ფელამუში როგორც მისი დამზადების ტექნოლოგიით, ასევე მისი გემოვნური თვისებებით ბრენდის სხვა პროდუქციისგან განსხვავებულია.
„ჩამოსასხმელი ფელამუში თავიდან ბოლომდე ინოვაციაა, თავისი აპარატით, გემოთი, კონსისტენციით. მისი გემო ნამდვილად უნიკალურია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოსასხმელ ფელამუშს მხოლოდ ერთი გემო უნდა ჰქონოდა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი უნიკალური გემო, რომელიც ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ, შევქმენით გემო, რომელიც ტრადიციული რქაწითელისა და საფერავის მიქსია. რაც შეეხება დამზადების ტექნოლოგიას, ამისთვის სპეციალური აპარატურა შევიძინეთ, რომელიც სხვადასხვა ცხელ დესერტზე იყო გათვლილი, ჩვენ კი ჩვენი პროდუქტი მოვარგეთ“ , – განაცხადა „ფელამუშიტოს“ დამფუძნებელმა.
„ფელამუშიტო“ მომხმარებელს კლასიკურ ფელამუშთან ერთად ისეთ მოდერნიზებულ ვარიაციებსაც სთავაზობს, როგორიცაა: ფელამუში თეთრი შოკოლადით, ყავით, კარამელით, გლინტვეინით და სხვა.