საფრანგეთის ქალაქ ლილეს მძღოლები 2-დან 80 ევრომდე მიიღებენ, თუ პიკის საათებში მანქანით მგზავრობაზე უარს იტყვიან. ამ გზით ქალაქის მერია საცობებისგან თავის დაღწევას ცდილობს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
საწყის ეტაპზე ექსპერიმენტში 5 000 მძღოლი მიიღებს მონაწილეობას. მათ ადგილმდებარეობას 7:00-დან 9:00 სთ-მდე და 16:30-დან 18:30 სთ-მდე GPS-ის გამოყენებით გააკონტროლებენ. მძღოლები დღეში 2 ევროს ერთი მგზავრობის გაუქმებისთვის, 4 ევროს მანქანის გარეშე პიკის საათში გამოსვლისთვის, ხოლო 80 ევროს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში ავტომობილის გარეშე გაძლებენ.
მერიის შეფასებით, თუ პიკის საათებში ქალაქის მძღოლების, მინიმუმ, 6% მანქანას სახლში დატოვებს, საცობები შესამჩნევად შემცირდება.
სატრანსპორტო საცობებს სხვა ევროპული ქვეყნებიც ებრძვიან. კერძოდ, ამ მიზნით ლუქსემბურგში 2020 წლის მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ასევე, მიმდინარე წლის 21 დეკემბრიდან საფრანგეთის უდიდეს მეტროპოლია მონპელიეში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადი მთლიანად გაუქმდება. პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო 18 წლამდე ბავშვებისთვის გახდა. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება, სხვა საკითხებთან ერთად, ცდილობს, შეამციროს მშობლების ავტოგარბენი, რომლებსაც სკოლებში ბავშვები მანქანებით დაჰყავთ. ბრიუსელში უფასო მგზავრობით 25 წლამდე ახალგაზრდები სარგებლობენ, ხოლო პრაღაში ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა იმ დღეებში არის უფასო, როცა ქალაქში სმოგი, ანუ შავი სქელი ნისლია.