ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაზოგადოებასაინტერესო სიახლეები

გადაეწყო თუ არა საქართველო რუსული საწვავის შეძენაზე?

0
გაზიარება

რუსეთი საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები უფრო იაფიან ბაზრებზე გადაეწყვნენ და რუსეთიდან იმპორტი გაზარდეს. 2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494 538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 7%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 45%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა იმ პერიოდისთვის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებისა და ლარის გამყარების გამო, საწვავის იმპორტიორებს ფასის “კორექტირებისკენ” მოუწოდა. კონკურენციის სააგენტოს კი საკითხის მოკვლევა დაავალა. მაისში კონკურენციის სააგენტო პრემიერისთვის წარდგენილ ანგარიშში რუსული ბენზინის საფასო უპირატესობაზე წერდა. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ნავთოპროდუქტების იმპორტიორებთანაც შედგა. მაშინ BM.GE-სთან ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ახალ ბაზრებზე გადაწყობა მარტივი საკითხი არ იყო, თუმცა იმპორტიორები აღნიშნული მიმართულებით მუშაობდნენ.

ნიშნავს თუ არა საქართველოსთვის საწვავის მთავარ საიმპორტო ბაზრად რუსეთის გახდომა იმას, რომ ნავთობიმპორტიორებმა პრემიერის და კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინეს და ახალ ბაზარზე გადაეწყვნენ და რა გავლენა იქონია საწვავის ფასზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში რუსეთის დაწინაურებამ? – ამ კითხვებით BM.GE-მ ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს მიმართა. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდისთვის როგორც მცირე, ასევე მსხვილ კომპანიებს შედარებით იაფი საწვავის შემოტანის მიზნით, ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე დაწყებული ჰქონდათ და მოვლენები ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდა.

„ბენზინთან მიმართებით არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს. რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი შემცირებულია. რუსეთიდან ამ კატეგორიის საქონელი დაბალ ფასად შემოტანამ ადგილობრივ ბაზარზე ამ ტიპის საწვავის ფასის შემცირება განაპირობა.

რეგულარის ტიპის საწვავი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. აპრილის თვიდან როდესაც რუსეთიდან დაბალფასიანი საწვავის შეთავაზება გაჩნდა, უკვე მაისში რუსეთიდან დიდი მოცულობით რეგულარის საწვავი შემოვიდა. როდესაც საერთაშორისო ფასთან შედარებით ჩნდება შესაძლებლობა, რომ პროდუქტი პირობითად 400 დოლარით იაფად შემოიტანონ, კომპანიებს ალტერნატივა არ რჩებათ, რომ ეს შეთავაზება მიიღონ.

შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის გამო ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ის, ვინც რუსულ პროდუქტს შემოიტანდა, ფასის შემცირებას შეძლებდა. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და ფასების შემცირების მოწოდებები ბუნებრივად დაემთხვა ერთმანეთს. ახალ ბაზრებზე გადაწყობა ძალიან რთულია – რუსეთში პარტნიორის მოძიება, აქედან იქით ფულის გადარიცხვა, ტრანზაქციების სირთულე. დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, რომ რუსეთი რეგულარის ტიპის საწვავის მიხედვით მთავარი საიმპორტო ბაზარი გახდა, პრემიუმს და სუპერის კატეგორიის ბენზინს ეს არ ეხება“, – განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტიორები რუსეთის ბაზარზე გადაეწყვნენ.

„რეგულარის ტიპის საწვავი მაისში 90%-მდე რუსეთიდან შემოვიდა და ეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, ამ პროდუქტების რეალიზაციას როგორც ბრენდირებულები, ასევე არაბრენდირებული კომპანიები ახორციელებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთზე ვართ გადაწყობილები, სანამ იქიდან იაფი პროდუქტი მოდის, მანამდე არსებობს წყარო, როგორც კი ეს იაფი წყარო არ იქნება, სხვა ბაზრებიდან შემოვიტანთ საწვავს. ამასთან, ალტერნატიულ ბაზრად შეგვეძლო თურქმენეთი და ყაზახეთი მოგვეაზრებინა, თუმცა რუსული რეგულარის ტიპის საწვავი თურქმენულ და ყაზახურ საწვავზე მაღალი ხარისხის არის და ფასითაც ხელმისაწვდომია, შესაბამისად, ამ ბაზრიდან შემოტანა უფრო მისაღები იყო“, – უთხრა BM.GE-ს კავშირის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ რუსული რეგულარის ტიპის საწვავი ევროპული საწვავის იდენტურია ხარისხით.

მისივე ინფორმაციით, მაისთან შედარებით ივნისში, რუსეთიდან გაზრდილი იმპორტის გამო რეგულარის ტიპის საწვავი ადგილობრივ ბაზარზე შემცირდა და დღეს არაბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ბენზინის ღირებულება 3-3.05 ლარია. რაც შეეხება პრემიუმ და სუპერის ტიპის ბენზინს, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდის გამო, პრემიუმისა და სუპერის ტიპის ბენზინი 5-10 თეთრით გაძვირდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!