გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ
შესაძლოა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს აღნიშნული ჩანაწარი, თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად, იგეგმება, რომ განისაზღვროს მომეტებული რისკის მქონე და დეკორატიული ჯიშის ძაღლები.
პროექტის არსებული ვარიანტის თანახმად, მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლის ყოლა/გამრავლება დასაშვებია 25 წლის ასაკიდან, ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობებისა და კინოლოგიური დაწესებულებიდან მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.
პროექტის თანახმად, მომეტებული რისკის ჯგუფის ძაღლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; 2. ფილა ბრაზილეირო; 3. ბულტერიერი; 4. ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; 5. არგენტინული დოგი; 6. ტოსა ინუ; 7. ამერიკული ბულდოგი; 8. კანგალი; 9. კანე კორსო; 10. დობერმანი; 11. კავკასიური ნაგაზი; 12. შუააზიური ნაგაზი; 13. აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; 14. ბერძნული ნაგაზი; 15. კრაშის ნაგაზი; 16. გერმანული ნაგაზი; 17. რუმინული ნაგაზი; 18. მასტიფები; 19. ბორდოული დოგი; 20. კანარის დოგი; 21. როტვეილერი; 22. რიზენშნაუცერი; 23. ლეონბერგერი; 24. მარემა; 25. მოსკოვური საყარაულო; 26. კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); 27. სტაფორდშირ ბულ ტერიერი; 28. ბანდოგი; 29. გულდონგი; 30. მგლის ჰიბრიდები.