გასულ წელს, საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და მაღალი ინფლაციის გამო, ოჯახების მთლიანი სიმდიდრე პირველად შემცირდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNN წერს. Credit Suisse-ისა და UBS-ის გლობალური სიმდიდრის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კერძო პირების სიმდიდრის ჯამი 2.4%-ით დაეცა 454.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე. ეს, დიდწილად, საფონდო და ობლიგაციების ბაზრებზე ზარალის ბრალი იყო.
მსოფლიოში ახლა, დაახლოებით, 3.5 მილიონით ნაკლები მილიონერია, ვიდრე 2021 წელს იყო. ამჟამად მათი ჯამი 60 მილიონამდეა. ზოგიერთმა ქვეყანამ დაკარგა მეტი მილიონერი, ვიდრე სხვებმა – მხოლოდ შეერთებულ შტატბში ამ რიცხვმა 1.8 მილიონი შეადგინა. ეს ყველაფერი უთანასწორობის ზრდას ნიშნავს. ოჯახების 1% კვლავ ფლობს მთელი მსოფლიო სიმდიდრის 44.5%-ს.
Credit Suisse-ის პროგნოზების მიხედვით, გლობალური სიმდიდრე გაიზრდება 38%-ით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მიაღწევს 629 ტრილიონ აშშ დოლარს 2027 წლისთვის. ზრდის ლოკომოტივი განვითარებადი ქვეყნები იქნებიან.
ამჟამად, საშუალო სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე შეადგენს 84,718 აშშ დოლარს და ნავარაუდევია, რომ 2027 წლამდე 110,270 დოლარამდე გაიზრდება.