საქართველო სმარტფონების ნახევარს UAE-დან ყიდულობს – იმპორტი $155 მლნ-ზე მეტია. 2022 წლის განმავლობაში საქართველომ რეკორდულო მოცულობის 323 მილიონი დოლარის (904 მლნ ლარის) მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა. ეს წინა წელთან შედარებით 98 მილიონი დოლარით მეტი იყო.
საქართველო მობილური ტელეფონების ყველაზე დიდ ნაწილს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს.ამის მიზეზია კი ის, არის რომ UAE მსოფლიოში სმარტფონების რეექსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებს ამარაგებს სმარტფონებით.
2022 წელს იმპორტში UAE-ს წილი გაიზარდა. სულ შესყიდული 323 მილიონი დოლარის ღირებულების სმარტფონებიდან 155 მილიონი დოლარის მობილურები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის (იმპორტის 48%), მეორე ადგილზე 2022 წელს ჩეხეთი იყო $47 მილიონის იმპორტით, მესამეზე კი ჰონკონგი 32 მილიონი დოლარის იმპორტით.
მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთი და ჰონკონგია, თუმცა საქართველოში მობილურები ძირითადად შუამავალი ქვეყნების გავლით შემოდის.
საქართველო სმარტფონებს ყიდულობს:
- არაბეთის გაერთიანებული საამიროები – $155.1 მილიონი დოლარი;
- ჩეხეთი – $47 მილიონი დოლარი;
- ჰონკონგი – $32 მილიონი დოლარი;
- ჩინეთი – $19 მილიონი დოლარი;
- ვიეტნამი – $17 მილიონი დოლარი;
- ნიდერლანდები – $12 მილიონი დოლარი;
- რუსეთი – $9 მილიონი დოლარი;
- შვედეთი – $7 მილიონი დოლარი;
- ინდოეთი – $6 მილიონი დოლარი;
- შვეიცარია – $3 მილიონი დოლარი.