„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, დავით ბალავაძის განცხადებით, წელს გაზის 300 ათასამდე მომხმარებლიდან დარღვევა 11 ათას მომხმარებელთან გამოვლინდა.
„დღეის მონაცემებით, გადამოწმებულია 300 ათასამდე გაზის მომხმარებელი და მათგან დარღვევა აღმოჩენილია 11 ათას მომხმარებელთან. ჩვენმა სპეციალისტებმა მიმდინარე წელს 11 ათასი გაზის ისეთი დანადგარი ჩახსნეს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით, დარღვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითად, 2018 წელს ჩახსნილი დანადგარების რაოდენობა 60 ათასზე ოდნავ მეტი იყო, 2019 წელს – 40 ათასი და 2021 წელს- 11 ათასი. ბოლო 6 წლის განმავლობაში გაზით ინტოქსიკაცია მიიღო 700-მდე ადამიანმა, ხოლო გარდაიცვალა 150 ადამიანი. 2022 წელს ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 10 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენმა მობინადრეებმა ყურადღება უნდა მოადუნონ, რადგან დღეს 11 ათას ოჯახთან ისევ პრობლემა არის“,-განაცხადა დავით ბალავაძემ.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანია “თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზს, ნომერზე : 40-40-04.
კომპანია “თბილისი ენერჯის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, თამარ ღუღუნიშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, სახლიდან გასვლამდე გაზი გადაკეტონ, საფრთხე სათანადოდ აღიქვან და გამათბობელი შეამოწმონ.
„2022 წლის ოქტომბერში განსაკუთრებით გამოვლინდა საშიში უბნების სტატისტიკა, ეს ეხება – ისანს, ჩუღურეთს, მთაწმინდას. ამ კონკრეტულ რაიონებში ჩატარებული გეგმური შემოწმების შედეგად ჩაიხსნა კუსტარულად დაყენებული „მკვლელი“ დანადგარები, რომელსაც ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ისეთ უბნებში, რომელიც არის გაქირავებული და დაგირავებული. აღნიშნული ფართების მეპატრონეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს, ვინაიდან არამარტო პასუხისმგებლობის საკითხი, სიცოცხლის ხაზი გადის. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ ადამიანების და იმ აგენტების მიმართ, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული. დღიურად გაქირავებული ბინების შემთხვევაში კარს არ გვიღებენ ან დაკეტილია, შესაბამისად, კონტროლი მოშლილია“, – განაცხადა თამარ ღუღუნიშვილმა.