კომპანია “რადარის” მიერ გორში სასტუმრო “ძველ უბანში”გაიხსნა, რომელმაც სტუმრების მიღება 23 ნოემბრიდან დაიწყო. ტრადიციულ ქართულ ელემენტებში გადაწყვეტილი სივრცე 26 ადამიანზეა გათვლილი და 9 ნომრისგან შედგება, საიდანაც ხუთი სტანდარტულია, სამი ლუქსი, ერთი კი შშმ პირებზე ადაპტირებული ოთახია.
“ძველ უბანში” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გიორგი სიდამონიძემ და სასტუმროს მენეჯმენტ კომპანია “რადარის” დამფუძნებელმა მაია მახათაძემ სასტუმროსთან დაკავშირებით ისაუბრეს.
“პირველ სართულზე განთავსებულია ავთენტური ქართული კერძების რესტორანი, ხოლო 0 სართულზე მოწყობილია სტანდარტული ქართული მარანი, რომელიც ტრადიციული ქართული დეკორითა და ელემენტებითაა გადაწყვეტილი. აქ შევხვდებით ქართულ კერძებსა და ღვინოს, რომელსაც სიდამონიძეების ოჯახი თავად აწარმოებს”, – აცხადებს მაია მახათაძე
კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ სტუმარმასპინძლობის სივრცის იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ალკოჰოლური სასმელების წარმოების დაწყებასთან ერთად გაჩნდა და წელს სასტუმროს გახსნით დაგვირგვინდა.
“ჩემმა ოჯახმა ალკოჰოლური სასმელების წარმოება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. ალკოჰოლურ სასმელებს როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული მეთოდებით ვამზადებთ და დიდი გამოცდილებაც დავაგროვეთ. იმ პერიოდის ოჯახური ჩანაფიქრი კი დღეს სამასპინძლო ობიექტით დაგვირგვინდა”, – აცხადებს გიორგი სიდამონიძე.
მაია მახათაძის თქმით “ძველ უბანში” ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და განსაკუთრებული დაინტერესება გერმანიიდან მოდის.
“სასტუმრო უკვე განთავსებულია საერთაშორისო პლატფორმებზე და ჯავშნების მიღება დაწყებულია. ყველაზეz დიდი ინტერესი გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მოდის, თუმცა მოთხოვნა მეზობელი ქვეყნებიდანაც შეინიშნება. გორი სტაბილურად ვითარდება, როგორც რაიონის მასშტაბით, ისე ქალაქიც. ვაკვირდებით და ვამჩნევთ, რომ არაერთი სერიოზული განთავსების და გასართობი სივრცე ემატება ქალაქს, იქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები, რაც თავისთავად იწვევს საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამსვენებლების მოზიდვას”, – აცხადებს მაია მახათაძე.
“ძველ უბანში” ერთი ღამით განთავსების ღირებულება 125 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპისა და სეზონის მიხედვით იცვლება.