ბოლო წლებში გორის ცენტრში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კორპუსების მშენებლობა, რამაც თავის მხრივ ქალაქის იერსახეც შეცვალა. თუ წლების წინ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სიმეტრიული განაშენიანება იყო და სივრცე გამწვანებით იყო ათვისებული, ახლა ერთმანეთის მიყოლებით ეს ადგილი 6-8 სართულიან შენობებს უკავია.
ერთ-ერთი პირველი მშენებელი დაიწყო კომპანია MSG-მა, ამავე პერიოდიდან დაიწყო ქალაქის ცენტრში მშენებლობა კომპანიებმა Next Door-მა და MSZ Group-მა. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დღეისთვის თითქმის ყველა ბინის მშენებლობა დასრულებულია, რამაც გორის ცენტრში გადაადგილების მიმართულებებიც შეცვალა.
სამშენებლო ნებართვების რაოდენობასთან ერთად ბოლო წლებში გორში უძრავი ქონების ფასიც გაზრდილია. სამშენებლო ბიზნესში თუ 2020-2021 წლებში, გორის ცენტრალურ ქუჩებზე 1 კვ/მ-ის ღირებულება $500-ს არ სცდებოდა, 2022 წლიდან ეს ფასი საშუალოდ – $700-ია.
გორის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ქალაქში უნებართვო მშენებლობებიც გამოავლინა და დააჯარიმა. უნებართვო სამშენებლო საქმიანობა გორში ჯარიმის სახით, 4000 ლარის გადახდას ითვალისწინებს, სოფლად კი მის ნახევარს. 2021-2022 წელს უნებართვო მშენებლობისთვის გორის მერიის შესაბამისმა სამსახურმა 40 პირი დააჯარიმა. ცნობისთვის, გორის მერიას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებული არ აქვს.