სასტუმროების მმართველი კომპანია „ინნ ჯგუფი“ ქუთაისში 15 მლნ ლარის ინვესტიციით მაისის ბოლოს ახალ სასტუმროს Kutaisi Inn-ს გახსნის.
ქუთაისის ცენტრში, ბალახვანზე განთავსებული 100-ნომრიან სასტუმროში რესტორანი, საკონფერენციო, სპორტული დარბაზი, საუნა, ბარი იქნება განთავსებული. „ინნ გრუპის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ამბობს, რომ სასტუმროს გახსნა 30 მაისს არის დაგეგმილი.
„ჩვენი ახალი სასტუმრო ქუთაისში უცხოელ ტურისტებზე იქნება ორიენტირებული და მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას მისაღებ ფასად შესთავაზებს. სასტუმროში განთავსების ღირებულება სეზონის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა დღეს დარგში არსებული ფასების გათვალისწინებით, სასტუმროში განთავსებით ღირებულება 100 დოლარიდან დაიწყება. ყოველთვის შევეცდებით, რომ ფასები ბაზარზე არსებულზე 20%-ით დაბალი იყოს“, – განმარტა ერეკლე კოკაიამ.
„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სასტუმრო უკვე აქტიურად იჯავშნება, დიდი ინტერესი კი არაბული და ევროპული ქვეყნებიდან შეიმჩნევა.
„ინნ ჯგუფი“ თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში 4 სასტუმროს მართავს, „ქუთაისი ინნი“ კომპანიის რიგით მეხუთე სასტუმროა.