სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცით, მიმდინარე წლის ივნისში მაისთან შედარებით შესასყიდი ფასი ბენზინზე 0.15 ლარით, დიზელზე კი 0.12 ლარით არის შემცირებული.
კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, 2024 წლის ივნისში მაისთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) 0.15 ლარით იაფად, 2.97 ლარად შეიძენს. მაისში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 3.12 ლარი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, ივნისის კონტრაქტითაც ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის/ბენზინის ღირებულება (ოქტანობა არანაკლებ 95) 2.69 ლარია, მაისში კი 2.84 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. (კლება 0.15 ლარი).
ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.67 ლარია, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 2.81 ლარზე იყო, აქ კლება 0.14 ლარია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.
რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) ივნისში მთავრობას ერთი ლიტრის შესყიდვა 2.64 ლარი უჯდება, მაისში კი 2.76 ლარს შეადგენდა, კლება 0.12 ლარია. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
საქართველოს მთავრობა – სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში „პლატსზე“ დაფიქსირებულ ტონა ბენზინისა და ევრო დიზელის საშუალო ფასს. დოკუმენტაციის მიხედვით, მაისში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენს 849.52 დოლარს, ევრო-დიზელზე 743.55 დოლარს.