Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 530 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ორგანიზაციის თანახმად, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს მხოლოდ ივნისის ჩათვლით აქვს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გამოქვეყნებული. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები 31%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდს 16%-ით აღემატება. კერძოდ, 2019 წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 340 მლნ აშშ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.