ყაზბეგში, სოფელ გერგეტში, სულ რამდენიმე დღის წინ ახალი ტურისტული ობიექტი გაჩნდა. „ფიჭვის ძირში” – ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც ჯერჯერობით სტუმრებს მხოლოდ ერთ კოტეჯში მასპინძლობს, თუმცა ამ სეზონს აუცილებლად მოუსწრებს მეორე კოტეჯიც, რომელიც ოთ ადამიანს დაიტევს, „ფიჭვის ძირს“ კი ჯამში 8 ადამიანის მიღება შეეძლება.
“ფიჭვის ძირში“ დამფუძნებელი გიორგი სუჯაშვილია, რომელიც გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში აღნიშნავს, რომ კოტეჯების აშენების იდეა პანდემიის პერიოდში გაუჩნდა, როდესაც მიხვდა, რომ სტუმრები განცალკევებით დასვენებას ამჯობინებდნენ.
„კოტეჯების მიმართულების განვითარებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. ტურისტებისთვის იზოლირებული დასვენებას პრიორიტეტი გახდა. ჯერჯერობით ჯავშნების ძირითადი ნაწილი სატელეფონო ზარით და ფეისბუქის საშუალებით შემოგვდის. სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, ქართველ დამსვენებელს უკვე რამდენჯერმე ვუმასპინძლეთ, უცხოელი სტუმრები ჯერ არ მიგვიღია“, – აღნიშნავს გიორგი სუჯაშვილი.
„ფიჭვის ძირში“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თავდაპირველად ბიზნესის დასაწყებად საკუთარი კაპიტალი არ ჰქონდა, იდეის განხორციელება კი თიბისის სტარტაპერის პროგრამის მხარდაჭერით შეძლო.
„საკუთარი კაპიტალი არ მქონდა, თიბისი სტარტაპერის დახმარებით პირველი კოტეჯი ავაშენე, ამისთვის საჭირო ინვესტიციამ 97 000 ლარი შეადგინა“ – განმარტავს ის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ტურისტული ობიექტის გაფართოება და კიდევ სამი კოტეჯის განთავსება იგეგმებაა.