ნუშის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეა – ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია “კნატი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახეობის ნუშის ხემსს სთავაზობს. კნატის გემოებს შორის შოკოლადის, მარილიანი, მოხალული და დარიჩინის ნუშებია.
კნატის დამფუძნებლები გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნავენ, რომ “კნატის” წარმოების შთაგონება ნუშის ინტენსიური ბაღები გახდა, რომელთა გაშენება საქათველოში აქტიურად მიმდინარეობს.
“საქართველოში ნუშის ინტენსიური ბაღები აქტიურად შენდება. კომპანიას, რომელიც საქართველოში ნუშის ნერგების შემომტანია, საცდელი ბაღი ჰქონდა, რომლის ნახვის შემდეგაც წარმოების იდეაც გაგვიჩნდა. ჩვენი მიზანი იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა იყო, დღეს დახლებზე ქართული შეფუთული ნუში ნაკლებად არის, თუ არის ძირითადად ხელნაკეთია. ჩვენ კი გვინდოდა საწარმო ხაზი ყოფილიყო.
ამ დროისთვის “კნატი” ჰიპერმარკეტებში იყიდება, მაგრამ იმისათვის, რომ პროდუქტი მასობრივი მოხმარების იყოს, საცალო მარკეტებშიც აუცილებლად შევალთ” – აღნიშნავს “კნატის” თანადამფუძნებელი ნუცა კოპალიანი.
“კნატის” საქმიანობა 1 წელს ითვლის. საწარმო ხაზის გასამართად სტარტაპს 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია სჭირდებოდა. დამფუძნებლებმა თანხის ნაწილი საკუთარი ძალებით მოიძიეს, დანარჩენის მობილიზება კი თიბისი ბანკის, კერძოდ, კი პროგრამა “სტარტაპერის” დახმარებით შეძლეს.
“სასიხარულოა ისეთი პროგრამების არსებობა, როგორიც “თიბისის სტარტაპერია”. ის დამწყებ მეწარმეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს საქმიანობაში. თავდაპირველად ეს სასესხო მომსახურება იყო, პროდუქტის შემქნის შემდეგ ბანკი “კნატის” განვითარებაში აქტიურად არის ჩართული,” – განმარტავს სტარტაპის თანადამფუძნებელი სალომე ბართიშვილი.