კომპანია „ჟოლი“ სოფელ იგოეთში საწარმოს აშენებს. მურაბების, ჯემების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების წარმოება მშენებლობის პროცესს სექტემბრიდან დაიწყებს.
როგორც „ჟოლის“ დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი აცხადებს, ამერიკაში პარტნიორი მოიძიეს და ინვესტიცია ამერიკელი პარტნიორის მხრიდან განხორციელდება. სწორედ ამიტომ, კომპანიის საწარმოში დამზადებული პროდუქტის 80% აშშ-ს ბაზარზე გაიყიდება.
გურამ სუხაშვილის თქმით, მშენებლობისთვის $50 000-ია განსაზღვრული, დანადგარებისა და საწარმოს აღჭურვისთვის კი დამატებითი თანხა ჩაიდება.
„იგოეთში საწარმოს მშენებლობას სექტემბრიდან დავიწყებთ, მას შემდეგ, რაც იტალიიდან მასალები ჩამოგვივა. მშენებლობა დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა თუ პროცესი გადაიდო წარმოებას საგაზაფხულო ხილით დავიწყებთ და 15 სახეობამდე პროდუქტს დავამზადებთ. გვინდა ყველა სახეობა, მურაბები, ჯემები, კომპოტები, საწებლები მოვიცვათ.
ჩვენი შეფასებით, დღეში 2000 ერთეული პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, საიდანაც 80% აშშ-ში ექსპორტზე გავა. ეს ამერიკული ინვესტიციაა, აშშ-ში პარტნიორი მოვიძიეთ. პირველ ეტაპზე მშენებლობისთვის 50 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ადგილზე საწყისად 15-მდე ადამიანი დასაქმდება“ – ამბობს ის.