კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე თამბაქოს ბაზარზე მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თემა ეხება სიგარეტის გარკვეული სახეობების მიმართულებით კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რაც შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს გულისხმობს.
კონკურენციის ხელშეწყობის, შესაბამისი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.
ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; ავტომომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს; საზღვაო გადაზიდვების სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევას; ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.
2022 წელს, უწყებამ 3 მოკვლევის საქმე დაასრულა, საიდანაც 2 მათგანში დარღვევა დადასტურდა, გაიცა 2 რეკომენდაცია.