ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის მსხვილი ქართული მწარმოებელი კომპანია “კულა“ მუდმივად მუშაობს ახალ ბაზრებზე გასასვლელად. როგორც EastFruit-ი წერს, კომპანიის დამფუძნებლის, ვანო გოგლიძის განცხადებით, ქვეყნების სიას, რომლებშიც კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის, ცოტა ხნის წინ ალბანეთი, მოლდოვა და ბულგარეთი შეემატა.
„რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინა ვეღარ აწვდის კონსერვებს აშშ-სა და ევროპის ბაზრებს, რის გამოც გასულ წელს „კულას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტი გაორმაგდა. იზრდება იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობაც, კერძოდ, ბოლო პერიოდში 3 ქვეყანა დაგვემატა“, – განაცხადა ვანო გოგლიძემ
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფასების გადახედვა არ იგეგმება, თუმცა ივნისში, როცა ნედლეულის ხარისხისა და მოცულობის მდგომარეობა გაირკვევა, შესაძლოა, საჭირო გახდეს კორექტირება.
„კულა“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 5 ქარხანა აქვს. კომპანია პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს.