კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.
McHappy Day-ის კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობაა.
კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდსი“ ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ დაეხმარება. კერძოდ, „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, გლდანსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში გაიყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მოხმარებელთა აქტიური ჩართულობით.
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.
წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია – გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება და 30 ივნისს დასრულდება.