საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც.
“ვიწყებთ 500 ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.