დედაქალაქის მერია გეგმავს, „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში არსებული ჩასასვლელის ტერიტორია დაიბრუნოს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში იყო კიდევ ერთი შესასვლელი, რომელიც დღეს კერძო ტერიტორიაა და მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მეტროშიც გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაიდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს, გადაყვანის – ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.