თურქეთში მიწისძვრების ზარალი ამ დროისთვის დაახლოებით 80 მილიარდი დოლარია, დაზარალებულმა პროვინციებმა დაიწყეს 40%-ით ნაკლები პროდუქციის წარმოება ექსპორტისთვის. ინფორმაციას თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი ვაჰიტ კირიშჩი ავრცელებს
“ის რაც მოხდა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მოვლენა იყო. მიახლოებითი ზარალი 80 მილიარდი დოლარია. მხოლოდ მიწისძვრების შედეგად წყლის რესურსების ადმინისტრაციის ზარალი 22 მილიარდი ლირაა (1,15 მილიარდი დოლარი)”, – ციტირებს მინისტრის განცხადებას სააგენტო Demiroren-ი.
კირისჩის თქმით მხოლოდ წყლის რესურსების სამმართველოს ფინანსური ზარალი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, როდესაც დადგება დრო, როცა დაიწყება ტერიტორიების მორწყვა.
მიწისძვრა თურქეთის ექსპორტსაც შეეხო. კირისჩის თქმით, სტიქიას მოყოლილი პროვინციების წილი თურქეთის ექსპორტის მთლიან მოცულობაში დაახლოებით 15,5%-ია. მიწისძვრების შემდეგ ამ რეგიონებმა საექსპორტოდ 40%-ით ნაკლები პროდუქციის წარმოება დაიწყეს.
თურქეთში გაეროს განვითარების პროგრამის სპიკერმა ლუიზ ვინტონმა განაცხადა, რომ თებერვალში მომხდარი მიწისძვრების შედეგად თურქეთისთვის მიყენებული ზარალი შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს გასცდეს. მანამდე მსოფლიო ბანკმა მიწისძვრებით თურქეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 34,2 მილიარდ დოლარად შეაფასა.