ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს, აქედან 337 კი – ქალია, რაც ერთწლიან პერიოდში 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უმდიდრესი ქალების რეიტინგში უკვე ზედიზედ სამი წელია, რაც პირველ ადგილს ფრანსუა მეიერსი იკავებს, მისი ქონების შეფასება 80 მილიარდ დოლარს აღწევს და ის კოსმეტიკის ინდუსტრიის გიგანტის, L’Oréal-ის უმსხვილესი აქციონერი და საბჭოს თავმჯდომარეა. ქალების რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნის გარდა, მეიერსი Forbes-ის საერთო რეიტინგში მე-11 ადგილსაც იკავებს.
უმდიდრეს ქალთა შორის მეორე ადგილზე ჯულია კოხია, მისი ქონების შეფასება 59 მილიარდ დოლარს აღწევს და ის Koch Industries-ის მსხვილი აქციონერია. აღსანიშნავია, რომ კოხების ოჯახის ქონების საერთო შეფასება $150 მილიარდს აღწევს.
Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზე ალის უოლტონს ვხედავთ, რომლის სიმდიდრის წყაროც ოჯახური ბიზნესია, ამ შემთხვევაში კი – უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიარდს შეადგენს, თავად ალის უოლტონის წილი კი 57 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მეწარმეების რეიტინგი:
- ფრანსუა მეიერსი – $80 მლრდ | L’Oréal
- ჯულია კოხი – $59 მლრდ | Koch Industries
- ალის უოლტონი – $57 მლრდ | Walmart
- ჟაკლინ მარსი – $38 მლრდ | Mars
- მარიამ ადელსონი – $35 მლრდ | Casino Las Vegas
- რაფაელა აფონტე – $31 მლრდ | MSC
- სიუზან კლატენი – $27 მლრდ | BMW
- ჯინა რაინჰარტი – $27 მლრდ | Hancock
- მაკენზი სკოტი – $24 მლრდ | Amazon
- ირის ფონტბონა – $23 მლრდ | Antofogasta Mining