ამერიკულმა Apple-მა კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპი, WaveOne-ი შეიძინა, რომელიც ვიდეოს შეკუმშვისთვის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს ამუშავებს, – ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, TechCrunch-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის შესყიდვას Apple-ი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ გარიგების დასრულებაზე WaveOne-ის თანამშრომლები საუბრობენ, მათ შორის კომპანიის თანადამფუძნებელი. კალიფორნიული WaveOne-ი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებმა, ლუბომირ ბურდევმა და ორენ რიპელმა 2016 წელს დააფუძნეს.
კომპანიის მთავარ მიზანს,ვიდეოკოდეკების პარადიგმის ცვლილება და მათი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვა წარმოადგენს. საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე, ლუბომირ ბურდევი Meta-ს ხელოვნური ინტელექტის კვლევის განყოფილების შექმნაში ეხმარებოდა; Meta-ში მუშაობდა WaveOne-ის მეორე დამფუძნებელიც. WaveOne-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, Apple-ი თანხებს დაზოგავს და, პოტენციურად, Apple TV Plus-ის ფარგლებში მომხმარებლებისთვის უფრო მაღალი გარჩევადობისა და სიხშირის კონტენტის შეთავაზებას შეძლებს.