დღის სიახლეებისიახლეები

მთავრობამ პარაპლანით ფრენების ფასები და პირობები განსაზღვრა

0
გაზიარება

მთავრობამ პარაპლანით ფრენების უსაფრთხოების წესები განსაზღვრა და შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა. ეს წესი პარაპლანებისთვის ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან და ამ სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ზოგად წესებს; ასევე – ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს.წესის მოთხოვნები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე.

განისაზღვრა, რომ ფრენებს საფრენ ლოკაციაზე უზრუნველყოფს ოპერატორი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს. პირმა ოპერატორის სერტიფიკატის მისაღებად ფედერაციას უნდა მიმართოს განცხადებით.

ოპერატორის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. ამასთან, ერთ საფრენ ლოკაციაზე დაიშვება მხოლოდ ერთი ოპერატორი. ერთი ოპერატორი შესაძლებელია ერთდროულად ოპერირებდეს რამდენიმე საფრენ ლოკაციაზე.

ოპერატორმა ფრენების დაწყებამდე უნდა შეისწავლოს მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები. ასევე, ის ვალდებულია, ფრენის დაწყებამდე შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მეშვეობით ადგილზე შეამოწმოს მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის ყველა წევრი ალკოჰოლურ ნივთიერებებზე.

ოპერატორი ვალდებულია საფრენ ლოკაციაზე არ დაუშვას პარაპლანით ფრენა, თუ მფრინავს არ გააჩნია შესაბამისი მოქმედი დაზღვევის პოლისი. ასევე, არ უნდა დაუშვას ის პარაპლანი, რომელიც ფედერაციის მიერ არ არის აღრიცხული ელექტრონულ რეესტრში ან არ აქვს სტატუსი – „საფრენად ვარგისია“.

რაც შეეხება საფრენ ადგილებს, პარაპლანით კომერციული ფრენა მხოლოდ სერტიფიცირებულ საფრენად ვარგის ლოკაციაზეა შესაძლებელი. საფრენად ვარგის ლოკაციაზე პარაპლანით ფრენებს ოპერირებას უწევს ოპერატორი. ამასთან, საფრენ ლოკაციასთან დაკავშირებული ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად დაცვას აკონტროლებს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია ლოკაციის გეგმური ან/და არაგეგმური შემოწმების გზით. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დასადგენად კი დაინტერესებულმა პირმა ფედერაციას უნდა წარუდგინოს განცხადება.

სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე საფრენად დაიშვება მხოლოდ ის მფრინავი, რომელსაც აქვს ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, რომელიც ასევე განსაზღვრულია შემუშავებული წესით. მფრინავმა ფრენის კატეგორია შეიძლება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით გაივლის ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას.

განისაზღვრა სერტიფიცირებისა და მფრინავის მოწმობის მიღებისთვის დადგენილი საფასურებიც. კერძოდ,

  1. საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს – 3000 ლარს.
  2. პარაპლანის:

ა) ფრთის, ჯამბარების, თავისუფალი ბოლოების ჩასაჯდომი/ჩასაბმელი სისტემის და სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის მთლიანად შემოწმების ღირებულება შეადგენს 180 ლარს

ბ) პარაპლანის აღჭურვილობის ერთი რომელიმე ელემენტის შემოწმების ღირებულება შეადგენს – 75 ლარს.

  1. ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს 1500 ლარს.
  2. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 60 ლარს.
  3. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 180 ლარს.
  4. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების საფასური შეადგენს 50 ლარს.
  5. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასური შეადგენს 100 ლარს ერთი ქვეკატეგორიისათვის.

ახალი დადგენილებით ასევე განისაზღვრა პარაპლანით ფრენის პერიოდიც. კერძოდ, ძირითადი მოთხოვნების მიხედვით, პარაპლანით ფრენა უნდა განხორციელდეს: მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის პერიოდში; ხმელეთის ზედაპირთან მუდმივი ვიზუალური კავშირის შენარჩუნებით; ასაფრენ ტრაექტორიაზე შემხვედრი ქარის მიმართულება არ უნდა სცდებოდეს 45 გრადუსს; რეგულარული ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 25 კმ/სთ-ს, მეყსეული ქარის სიჩქარე კი – 36 კმ/სთ-ს; ვიზუალური მხედველობის არეალი არ უნდა იყოს 3 კმ-ზე ნაკლები; ფრენის ტრაექტორიიდან 10 კმ-ის რადიუსში არ უნდა შეიმჩნეოდეს საავდრო ღრუბლების ფორმირება; ღრუბელწარმოქმნის ქვედა ზღვარი არ უნდა იყოს ასაფრენი მოედნიდან 300 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე.

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციამ ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა შექმნას შემდეგი კომისიები: ა) ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამდგენი კომისია; ბ) საგამოცდო და აღიარების კომისია; გ) პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია დ) მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია.

ფედერაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!