ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი, 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი, დაახლოებით, 8%-ით გაიაფდა და 72 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 8%-ით გაიაფდა ბარელი WTI-იც, ღირებულება 70-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და 66 აშშ დოლარი შეადგინა. დანაკარგების მცირედით აღდგენა მოხერხდა და ამჟამად ორივე მათგანის ფასი 2 დოლარით მეტი, შესაბამისად, 74 და 68 დოლარს შეადგენს.
დაღმასვლის ტენდენციას აშშ-ს საბანკო სექტორში არსებული ტურბულენტური ვითარება განაპირობებს. გასულ კვირაში ქვეყანაში 2 რეგიონული ბანკი გაკოტრდა, ხოლო სხვა მსხვილი ბანკების სააქციო ღირებულება იკლებს. ამ ყველაფერს თან დაერთო მსხვილი შვეიცარიული კრედიტორის Credit Suisse-ის აქციების რეკორდულად გაუფასურებაც.
გასულ კვირაში აშშ-ს სიდიდით მე-16 – “სილიკონის ველის ბანკი” (SVB) გაკოტრდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ტექნოლოგიურ სამყაროში. ეს მეორე უმსხვილესი საბანკო კოლაფსია აშშ-ს ისტორიაში, რის შემდეგაც შოკურმა ტალღებმა მთლიანად ტექნოლოგიური ინდუსტრია და უოლ სტრიტი მოიცვა.
“სილიკონის ველის ბანკის” ის გაკოტრება ზრდის გასულ კვირაში კიდევ ერთი კრიპტობანკის, “სილვერგეითის” გაკოტრებით დაწყებულ მღელვარებას. მართალია, SVB-ის აქტივები აშშ-ს სხვა მსხვილ ბანკებთან შედარებით მცირეა და 209 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსხვავებით JPMorgan-ის 3 ტრილიონისგან, თუმცა მისმა კრახმა მაინც დიდი გავლენა იქონია არაერთი ქვეყნის საფინანსო სექტორზე.
ნავთობის ფასებზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აშშ-ს ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებამ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით. მომდევნო კვირაში Fed-მა, შესაძლოა, არ გაზარდო საპროცენტო განაკვეთები საბანკო სექტორში არსებული სტრესის გამო.
“გოლდმენ საქსის” პროგნოზით, Brent-ის საშუალო ფასი მიმდინარე წელს 110 დოლარი იქნება, “ამერიკის ბანკის” პროგნოზი 100 დოლარია ბარელზე,ფაქტია, წელს ნავთობის ღირებულება 85 დოლარზე მაღალი არ ყოფილა.