ერთი თვის განმავლობაში ოქრო, დაახლოებით, 11%-ით გაძვირდა და ამჟამად ერთი უნცია 1,799 დოლარი ღირს, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დოლარის ღირებულების ზრდა სხვა ვალუტებთან მიმართებით ძვირფასი ლითონების ფასზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან, ნაკლები რისკებიდან გამომდინარე, ინვესტორები საკუთარი აქტივების დაბანდებას სწორედ მდგრად ამერიკულ ვალუტაში ამჯობინებენ, დოლარის გაიაფება ოქროს აძვირებს.
Fed-ის თავმჯდომარემ, ჯერომი პაუელმა დააანონსა, რომ მომდევნო სხდომაზე საპროცენტო განაკვეთები წინასთან შედარებით ნაკლებად გაიზრდება. ამ სიახლემ დოლარის კურსზე იმოქმედა და ვალუტის 1%-ზე მეტით გაიაფება გამოიწვია, რაც ოქროს ფასზეც აისახა.
ექსპერტები მოელიან, რომ ფედერალური რეზერვი ამ თვეში განაკვეთებს 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის, წინა ზრდა კი 75-პუნქტიანი იყო.
სხვა ლითონების ფასებიც იზრდება – საერთაშორისო ბაზარზე 1 უნცია ვერცხლი ამჟამად 22.8 დოლარი ღირს, 1 უნცია პლატინა კი 1,043 დოლარი.