ოქტომბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.2 ლარით გაიზარდა და 252.1 ლარი შეადგინა-ხოლო, რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 1.8 ლარით არის შემცირებული – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.1 ლარით გაიზარდა და 223.3 ლარი შეადგინა.
ინფორმაციისთვის, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის დონესთანაა დაკავშირებული, ინფლაციის კლებასთან ერთან აღნიშნული ინდექსიც მცირდება.
როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.
საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.