ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ “ფორბსის” 2016 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა, ის მაინც რჩება საქართველოში უმდიდრეს ადამიანად: მისი ქონება 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ფინანსები, მშენებლობა, უძრავი ქონება, რესტორნების ქსელი, სოფლის მეურნეობა და სააფთიაქო ბიზნესი – ამ სფეროებში ივანიშვილი კარგა ხანია მოღვაწეობს, თუმცა მას რამდენიმე საინტერესო ჰობი აქვს: პირველ რიგში ეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობაა. მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილო მის კოლექციაში არის პაბლო პიკასოს “დორა მაარი კატებთან ერთად”. მან ეს ნახატი 2006 წელს “სოთბის” აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად. რაც შეეხება ივანიშვილის გატაცებას ეგზოტიკური ცხოველებითა და მცენარეებით, ეს მთელი საქართველოსთვის ცნობილია.
თემურ ჭყონიას ძალიხმევით საქართველოში ორი დიდი ბრენდი – “კოკა-კოლა” და “მაკდონალდსი” შემოვიდა. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველია. თემურ ჭყონიას თქმით, განსაკუთრებული ჰობი არა აქვს, თუმცა ბავშვობაში ძალიან უყვარდა სპორტი – ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა, კრივი – “თითქმის ყველაფერი კარგად გამომდიოდა და ბევრსაც ვვარჯიშობდი. კიდევ ქუჩაში, მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარდა. ჩვენს დროს არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი. ქუჩა და მეგობრების წრე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა შეგეძლო” – ამბობს თემურ ჭყონია ერთ-ერთ ინტერვიუში. რაც შეეხება წარმატებული ბიზნესმენების დამახასიათებელ თვისებას – ძვირფასი ბრენდებითა და მანქანებით გატაცებას, მას ეს არ ახასიათებს, თუმცა მისი “აკვიატებული” მანქანა “მერსედესია”: “მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ყოველთვის “მერსედესი” მყავდა და ახლაც “მერსედესი” მყავს. ოღონდ კლასს ნუ მკითხავთ, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ძალიან კარგია” – აცხადებს ბიზნესმენი