საქართველოს პარლამენტი ელექტრონული კომერციის შესახებ კანონზე მუშაობს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს საკითხზე სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართა შეხვედა. პარლამენტის ინფორმაციით, ამ მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებასაც წარმოადგენს.
პარლამენტის ინფორმაციით, ახალი კანონი ამ სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.
“საქართველოს და ევროპის კავშირს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ საფუძველზე, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ამასთან, ელექტრონული კომერციის განვითარებით წარმოიქმნება ინტერნეტ სივრცეში ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტრონული კომერციის სამართლებრივი საფუძვლების რეგულირების პრინციპების განსაზღვრის საჭიროებები, ევროპის კავშირის ფარგლებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს და გაამარტივებს ევროკავშირთან ერთიან ციფრულ ბაზარში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ელექტრონული კომერციის სექტორი სპეციალური მარეგულირებელი კანონის გარეშე ფუნქციონირებს და აღნიშნული სფერო გარკვეულწილად სხვადასხვა კანონის ცალკეული დებულებებით არის მოწესრიგებული. აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების მექანიზმები შემუშავდეს ახალი პლატფორმებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ახალი მოთხოვნების შესაბამისად,”- ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პარლამენტის ინფორმაციით, ელექტრონული ვაჭრობის შესახებ კანონის შემუშავებაში USAID-ის ეკონომიკურიმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.