მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში ფოტოების გაზიარებაზე ორიენტირებული სოციალური ქსელი Pinterest აღმოჩნდა, რომელიც კონკურენციას Instagram-ს უწევს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანიით აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი – Elliott Investment Management დაინტერესდა, რომელმაც Pinterest-ის 9%-იანი წილი შეიძინა.
ბუნებრივია, აღნიშნული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს. ჯერ კიდევ საფონდო ბირჟის გახსნამდე Pinterest-ის აქციების ღირებულება თითქმის 13%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ ერთ წელიწადში 75%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია არასახარბიელო კვარტალურ ანგარიშებთან და მომხმარებლების რაოდენობის შემცირების სტატისტიკასთან.
გარდა ამისა, ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ სოციალური ქსელის ბიზნესმოდელი, რომელიც, ძირითადად, რეკლამებზეა მორგებული, სტაბილური შემოსავლის მისაღებად საკმარისი არ არის და კომპანიამ ალტერნატიული წყაროების შექმნაზეც უნდა იზრუნოს.
სტრუქტურული ცვლილებების მიმართულებით დირექტორთა საბჭომ უკვე გადადგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ბილ რედი დაინიშნა. საგულისხმოა, რომ რედი კომპანია Google-ის ელექტრონული კომერციის დეპარტამენტში აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Pinterest-ს საკუთარი სავაჭრო პლატფორმის, Facebook Marketplace-ის ერთგვარი კონკურენტის შექმნა და განვითარება სურს.