ქართული ღვინის თემატიკაზე შექმნილ სუვენირების მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა
Emocia Wines-ი, რომელიც ნატურალური ქვების, ბრინჯაოსა და მარმარილოსგან ღვინის თემატიკის სუვენირებს ქმნის, პროდუქციის ექსპორტის მასშტაბების გაზრდას გეგმავს.
Emocia Wines-ის დამფუძნებლის, თამარ აბულაძის თქმით, ქართული ღვინის თემატიკაზე შექმნილ სუვენირებზე, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია, ნატურალური ქვებისაგან დამზადებული ფიგურები, ვიზუალურად ქართული ჯიშის ყურძნებთან მაქსიმალურად იყოს მიმსგავსებული.
„ჩვენი სუვენირები უკვე იყიდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, პატარ-პატარა მაღაზიებში, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ბრენდი ჯერ ახალი შექმნილია, არ ვართ იმ ეტაპზე, რომ დიდი რაოდენობით პროდუქცია ვაწარმოოთ, თუმცა ექსპორტზე დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ზოგადად, ღვინის თემატიკა მთელს მსოფლიოში აინტერესებთ და ისიც იციან, რომ საქართველოს მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, თითოეულ სუვენირს თან მოჰყვება პასპორტები ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომლებზეც დატანილია საინტერესო ცნობები საქართველოს ისტორიისა და მეღვინეობის შესახებ. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროდუქციაზე დიდი დაინტერესებაა დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდანაც.გვაქვს შარფები, რომელზეც მიკროსკოპის ქვეშ დანახული გაყინული ღვინის წვეთია გამოსახული. ამ კოლექციას სულ მალე შევმატებთ ახალ, ქართული ღვინის ქვის ულამაზეს პრინტიან შარფსაც. საქართველოში ამ პროდუქციას ანალოგი არ აქვს, დავიჭირეთ ნიშა, რომელსაც არა მხოლოდ ადგილობრივ, მსოფლიო ბაზარზეც არავინ ქმნის“, – აღნიშნავს თამარ აბულაძე.