კურორტების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა – ეს არის ის მთავარი მიზნები, რისი შესრულებაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნილ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ მოუწევს.
სააგენტოს დებულება უკვე საჯაროა, რომლის მიხედვითაც ახალმა სსიპ-მა მნიშვნელოვანი სამუშაო უნდა ჩაატაროს. მის კომპეტენციაში იქნება კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
სააგენტოს ევალება მოამზადოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების გეოინფორმაციული რუკები, ასევე მოახდინოს ასეთი ადგილების რეესტრის, ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე შესაბამისი რესურსების შესახებ ინფორმაციის, კლიმატური და სხვა პირობების შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება.
ფუნქციებს შორის არის:
• მაღალი რისკის პროფესიის პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
• კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
• საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვა, ექსპერტების მოწვევა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტრენინგცენტრების შექმნის ხელშეწყობა;
• საკურორტო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;
• ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
• კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობა, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ახალ სსიპ-ს ქმნიდა. სააგენტოს ხელმძღვანელად მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი დაინიშნა.