საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

რა გამოწვევებია ტექინსპექტირების ბიზნესში

0
გაზიარება

საქართველოში ტექინსპექტირების რეფორმა 2019 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმა ჩავარდნის პირასაა ან კიდევ ის შედეგები ვერ მოიტანა, რაც მოსალოდნელი იყო.

ტექინსპექტირების ბიზნესს დღეს რთული პერიოდი უდგას და პრობლემებიც მრავლად აქვს. მთავარი გამოწვევები ახლა კვლავ ნაკლები მიმართვიანობა, საინფორმაციო კამპანიების არარსებობა, კანონის არასათანადო აღსრულება და ადმინისტრირებაა. რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ ნახევარი გადის ინსპექტირებას, ჭკვიანი კამერების უდიდესი ნაწილი კი, ხშირად, ჩართული არაა და არც პოლიცია აჯარიმებს მძღოლებს დარღვევის შემთხვევაში.

„რამდენიმე ძირითადი და გამოკვეთილი გამოწვევა გვაქვს. საინფორმაციო კამპანიები კვლავ პერმანენტულ რეჟიმში უნდა იყოს და ვისურვებდი, რომ სახელმწიფოს როლი გაიზარდოს ამ მხრივ, ვინაიდან, ამ მიმართულებით აქტივობა მხოლოდ კერძო ბიზნესს უჭირს.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადმინისტრირებაც. კერძოდ კი, ჭკვიანი კამერების მეშვეობით ადმინისტრირება მიმდინარეობს ხარვეზებით, განსაკუთრებით რეგიონებშია ამგვარი პრობლემები. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამართვის პროცესი ახლა მიმდინარეობს და მალე ამოქმედდება სრული კომპლექტი“, – განუცხადა კომპანია „გრინვეის“ დირექტორმა, ვახტან ებიტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.

საწყის ეტაპზე რეფორმა შედარებით წარმატებულად ითვლებოდა. 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული 1.3 მილიონამდე ავტომობილიდან თითქმის 800 000-მა გაიარა ტექინსპექტირება. თუმცა, გარკვეულწილად პანდემიის ეფექტით, 2020-ში მიმართვიანობა შემცირდა და მხოლოდ 500 000-მდე ავტომობილმა მიმართა ცენტრებს. 2021 წელს, მართალია, მიმართვიანობა გაიზარდა და 700 000-მდე ავტომობილი გამოცხადდა ინსპექტირებაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა და 1.5 მილიონს გადააჭარბა.

„2022-ის დასაწყისს იმედიანად შევხვდით, თუმცა, პირველი კვარტლის შედეგები იმედის მომცემი არაა – 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15-20%-იანი ჩამორჩენა გვაქვს“, – ამბობს ებიტაშვილი.

როგორც „გრინვეის“ დირექტორი აცხადებს, თავდაპირველი გათვლები ბევრად უფრო პოზიტიური იყო და ბევრმა სუბიექტმა სესხიც აიღო ბიზნესის განსავითარებლად, თუმცა რელობა სხვაგვარი აღმოჩნდა: „ყოველი არგამოცხადებული მანქანა დიდი დანაკარგია კომპანიებისთვის, რომელთაც სასესხო ვალდებულებები აქვთ უცხოურ ვალუტაში და ბუნებრივია, კურსის ცვლილებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათზე. როცა სესხს ვიღებდით, პროგნოზი სხვაგვარი იყო. თუმცა, სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია შევძელით და მოვედით დღევანდელ დღემდე“.

მიმართვიანობის ნაკლებობა ბიზნესისთვის ნაკლებ შემოსავალს, ფინანსურ არამდგრადობას ნიშნავს, რაც კიდევ ერთ პრობლემას აჩენს და ეს პრობლემა კვალიფიციური კადრების გადინებაა.

„კომპანიები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და პერსონალის შენარჩუნებაც კი უჭირთ. ძალიან დიდი გადინებაა იმ თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ტექინსპექტირების პროცესში არიან ჩართულნი. არადა, მათთვის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ძალიან მტკივნეულია კომპანიებისთვის, როდესაც ფინანსური არასტაბილურობის გამო კარგავენ კვალიფიციურ პერსონალს. ის თანხა, რაც დღეს არის დადგენილი ინსპექტირებაზე, არ არის საკმარისი ბიზნესის შენახვისათვის და პერსონალის შენარჩუნებისათვის. ორგანიზაციების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია“, – ამბობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი.

ამ სფეროს წარმომადგენლების აზრით, პრობლემების გადაჭრის გზა ადმინისტრირების გაუმჯობესება, მათ შორის, ჭკვიანი კამერების გამართვა და აღსრულების მექანიზმების გამკაცრება, ასევე საინფორმაციო კამპანიების წარმართვაა, რათა მოსახლეობამ უკეთ დაინახოს ავტომობილების გამართვის სიკეთეები – ეკოლოგიური თუ ავარიების შემცირების კუთხით.

„ადმინისტრირება და აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს ეფექტიანი, საპატრულო პოლიციას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რეაგირება მოახდინოს დარღვევეებზე და არ ვიყოთ მხოლოდ ჭკვიანი კამერების იმედზე. 99%-ზე მეტი გამოწერილი ჯარიმებისა დღეს ჭკვიან კამერებზე მოდის. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ინსპექტირების სიკეთეებზეც.

გარდა ამისა, 1.5 მილიონამდე რეგისტრირებული მანქანიდან ბევრია ისეთი, რომელიც უტილიზაციას ექვემდებარება, ფიზიკურად არ არსებობს, გაჩერებულია, დაშლილია ან ასე შემდეგ. აქტიური ავტომობილების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და ესეც გადაწყვეტას მოითხოვს. ჩვენ უნდა მივიღოთ რეალური ავტოპორტფელი და მუდმივად ვაწარმოოთ რეალური სტატისტიკა“, – ამბობს ებიტაშვილი.

მიუხედავად სირთულეებისა, მიმდინარე წელს მაინც შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ კი, თუ 2020-21 წლებში დახარვეზების მაჩვენებელი 70%-მდეც ადიოდა, 2022 წელს ეს რიცხვი 35%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოპორტფელის მდგომარობა უკეთესობისკენ მიდის. ავტომობილების უმრავლესობას მარტივად გამოსასწორებელი ხარვეზები აქვს და თუ პირველად შემოწმებას ვერ გაივლიან, მეორედ უკვე 90%-ზე მეტი ალბათობით წარმატებით გადიან ინსპექტირებას.

მსგავსი სიახლეები

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

28 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7084 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0029 ლარით გაუფასურდა ევრო - 2.9337 ლარი აშშ დოლარი -…

გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ

pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023…

2024 წლის თებერვალში უნაღდო ტრანზაქციები და დანახარჯები გაიზარდა

2024 წლის თებერვალში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. ინფორმაცია ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!