საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს.
ამასთან, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.